შუასაუკუნეობრივი გერმანული ეპოსი "სიმღერა ნიბელუნგებზე/Nibelungenlied" - Giorgi Bolkvadze
შევეცდები ვისაუბრო შუა საუკუნეებში უცნობი გერმანელი ავტორის მიერ შექმნილი ძალიან საინტერესო ტექსტის შესახებ, რომელსაც ჰქვია "სიმღერა ნიბელუნგებზე". ზოგიერთი ხელნაწერის მიხედვით დასტურდება, რომ პოემაში აღწერილი სიუჟეტი დაკავშირებულია ხალხთა დიდი გადასახლების დროს(მე-4 -მე-7სს.) შეთხზულ ძველგერმანულ თქმულებებთან. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ძველ სკანდინავიურ ნაწარმოებზე "უფროსი ედა", თუმცა აქ ვხვდებით თითქმის სრულად წარმართულ, მითოლოგიურ სიუჟეტებს და სწორედ ეს არის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ძველგერმანულ თქმულებებში ყველაზე ძლევამოსილი მეფე იყო ატილა(ჰუნთა მეფე). პოემის შინაარსი საკმაოდ საინტერესოა, რასაც შპილმანი(მოხეტიალე მუსიკოსი) თავისი მხატვრული ოსტატობით კიდევ უფრო მეტად ამრავალფეროვნებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მოკლედ მომიწევს შინაარსის გადმოცემა, ვინაიდან საკმაოდ ვრცელი სიუჟეტია და ყველა დეტალის შესახებ საუბარი დიდ დროს წაიღებდა. ბურგუნდიის ქალაქ ვორმსში ცხოვრობდა სამეფო ოჯახი. ულამაზეს ასულს, კრიმჰილდეს ჰყავდა სამი ძმა, გუნთერი, გიზელჰერი და გერნოტი. ისინი იყვნენ მეფეები და წარჩინებული რაინდები. პოემაც სწორედ კრიმჰილდეს სიზმრით იწყება. მას დაესიზმრა თუ როგორ კორტნის ორბი შევარდენს, რომელსაც თვითონ ზრდიდა. შეშინებული ამ ამბავს დედას უამბობს. დედამისი კი ეტყვის, რომ შევარდენი მისი მომავალი საქმრო იყო, რომელიც აუცილებლად დაიღუპებოდა. ამის შემდეგ კრიმჰილდე გადაწყვეტს არავინ შეიყვაროს. ნიდერლანდების სამეფოში მეფე ზიგმუნდს და დედოფალ ზიგელინდს ჰყავდათ ვაჟი სახელად ზიგფრიდი. ის გამორჩეული იყო თავისი ძალით და სიმამაცით. მან გაიგო, რომ ბურგუნდიაში ცხოვრობდა მშვენიერი ასული კრიმჰილდე და გადაწყვიტა ცოლად შეერთო იგი. მეფე და დედოფალი წინააღმდეგნი იყვნენ მისი წასვლის, გრძნობდნენ, რომ მათ შვილს საფრთხე დაემუქრებოდა, თუმცა ზიგფრიდი მაინც გაემგზავრება ბურგუნდიაში. აქ ვხვდებით საინტერესო პერსონაჟს ჰაგენ ტრონიელს, რომელიც ძლევამოსილი რაინდია. მას ბევრი ქვეყანა აქვს მოვლილი და ძალიან განსწავლული ადამიანია. პირველად სწორედ ის მიხვდება, რომ ბურგუნდიაში მოსულთა შორის იყო ვინმე ზიგფრიდი, შემდეგ კი გაიხსენებს თქმულებებს, სადაც გადმოცემულია, ზიგფრიდის მიერ ნიბელუნგების განძის გამოქვაბულში, განძის მცველთან ალბერიხთან დატოვება. რაინდს თან მხოლოდ უჩინმაჩინის ნიღაბი და ხმალი ბალმუნგი წამოუღია. ასევე ჰაგენმა გაიხსენა ის ამბავი, როდესაც ზიგფრიდმა დაამარცხა უძლეველი ურჩხული ფაფნირი, შემდეგ კი მის სისხლში განიბანა და სხეული უჭრელი გაუხდა. მხოლოდ ერთი ადგილი ჰქონდა დაუცველი ბეჭზე, სადაც განბანვის დროს ფოთოლი დაეცა და იმ ადგილას არ მოხვდა სისხლი. ზიგფრიდმა თავი გამოიჩინა საქსებთან ბრძოლაში. ასევე გუნთერ მეფეს დაეხმარა ისლანდიის დედოფლის ბრუნჰილდეს ცოლად მოყვანაში. ბრუნჰილდე იყო ულამაზესი დედოფალი, რომელსაც საოცარი ძალა გააჩნდა. ის ცოლად გაჰყვებოდა მხოლოდ მას, ვინც მოახერხებდა და აჯობებდა ორთაბრძოლაში, ხოლო დამარცხებულ მებრძოლს სიკვდილით დასჯიდნენ. მაშინ ზიგფრიდმა უჩინმაჩინის ნიღბით შეძლო გუნთერად გადაქცევა და ბრუნჰილდეს დამარცხება. ქორწილის შემდეგ პირველ ღამეს, როდესაც გუნთერი ვერ დაიმორჩილებს ბრუნჰილდეს, ეს უკანასკნელი მას შეურაცხყოფას მიაყენებს და დაამცირებს. ქამრით შეკრავს და კედელზე ჩამოკიდებს. შემდეგ იმავე ხერხს მიმართავს და ზიგფრიდის უჩინმაჩინის ნიღბის საშუალებით დაიმორჩილებს მეუღლეს. ყველაფერ ამის შემდეგ ზიგფრიდი ცოლად შეირთავს კრიმჰილდეს. გუნთერთანაც შეთანხმებული იყო, რომ დახმარების გაწევის სანაცვლოდ მას თავის დას მიათხოვებდა. მოვლენების სწრაფ განვითარებას შემოგთავაზებთ, ვინაიდან სხვა თემებსაც უნდა შევეხოთ. ერთ-ერთი ნადიმის დროს კრიმჰილდე ბრუნჰილდეს შეურაცხყოფას მიაყენებს. ეტყვის, რომ სინამდვილეში გუნთერი კი არა ზიგფრიდი იყო მასთან ღამით. ბრუნჰილდე ატირდება. ჰაგენი კი გადაწყვეტს არ შეარჩინოს დედოფლის ცრემლი და შური იძიოს კრიმჰილდეზე. მოიტყუეს თითქოს ომი გამოეცხადებინოთ საქსებს. ზიგფრიდი მათ ბრძოლაში დახმარებას შესთავაზებს. ჰაგენი კრიმჰილდესგან მზაკვრულად შეიტყობს მისი ქმრის დაუცველი ადგილის შესახებ საიდუმლოს. ზიგფრიდს, როდესაც წყაროსთან წყალს სვამდა, ჰაგენი სწორედ იმ ადგილას შუბს სტყორცნის და მოკლავს. წესი ყოფილა, რომ გარდაცვლილს ჭრილობიდან სისხლი სდიოდა, როდესაც მკვლელი მიუახლოვდებოდა. ჰაგენის დანაშაულიც ასე გახდება ცნობილი. მაშინ კრიმჰილდემ გადაწყვიტა, რომ აუცილებლად იძიებდა შურს. ამ დროს ჰუნების მეფე ეტცელს (იგივე ატილა) მეუღლე გარდაეცვალა და გადაწყვიტა მეორე ცოლი შეერთო. კრიმჰილდე თავდაპირველად უარზე იყო, მას არ სურდა წარმართზე დაქორწინება, თუმცა ბოლოს მაინც დათანხმდა. ეტცელთან ვაჟი შეეძინა, რომელსაც ორტლიბი დაარქვეს. წლების შემდეგ კრიმჰილდემ სთხოვა ქმარს, რომ ბურგუნდიელები მოეწვია სამეფოში და ნადიმი გაემართათ. ჰაგენი, რა თქმა უნდა, ყველაფერს წინასწარ მიხვდება, თუმცა მაინც გადაწყვეტს წასვლას. რამდენიმე ათასიანი არმია მიადგება ჰუნთა სამეფოს, სადაც სტუმრების საპატივცემულოდ გამართულ ნადიმზე დიდი სისხლისღვრა მოხდება. ეს ყველაფერი საინტერესო მხატვრული ოსტატობით არის გადმოცემული. პოემაში ასახულია რაინდულ-ფეოდალური ურთიერთობები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქმე გვაქვს ეპიკურ პოემასთან ვიდრე რაინდულ რომანთან. მართალია ნაწარმოებში ვხვდებით რაინდულ ტურნირებს, სათავგადასავლო ამბებს, ზღაპრულ სიუჟეტებს, თუმცა ეს ყველაფერი უნდა მივიჩნიოთ შპილმანის მცდელობად, რაც შეიძლება მეტად დაუახლოვოს პოემა რაინდულ რომანს, სადაც წარმოშობილი კონფლიქტები, ბრძოლები და სასიყვარულო ურთიერთობები ტრიუმფალურად სრულდება. ნაწარმოებში "სიმღერა ნიბელუნგებზე" წარმოშობილ კონფლიქტებს და ბრძოლებს კი პირიქით ტრაგიკული დასასრული აქვთ. კიდევ ერთი საინტერესო გარემოებაა თუ დავაკვირდებით სტროფების უმრავლესობა თითქოს მოსალოდნელ საფრთხეს აუწყებს მკითხველს. ყოველ შემთვევაში ნამდვილად არ განაწყობს რაღაც ტრიუმფისთვის, პირიქით ავისმომასწავებელ, ტრაგიკულ მოვლენებზე აკეთებს აქცენტებს, რაც იგრძნობა სიმღერის ნოტებზე. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ რაინდული რომანისგან განსხვავებით ამ შემთხვევაში სატრფო არ არის გაიდეალებული. არ ჩანს სატრფოსადმი მორჩილება და მიჯნურის სამსახური, რაც ჩემი აზრით კიდევ უფრო აშორებს მას რაინდულ რომანთან, თუმცა ალბათ მაინც შეიძლება პოემაში ცალკეული რომანტიკული ელემენტების მოძებნა. აღსანიშნავია, რომ გოეთე "სიმღერას ნიბელუნგებზე" ისეთივე კლასიკურ ნაწარმოებად განიხილავდა, როგორიც "ილიადა" და "ოდისეაა", სადაც ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავზეა დამოკიდებული და თავად განსაზღვრავს თავის ბედს. ასევე "ნიბელუნგებიც" შეიძლება ითქვას, რომ თავისუფალია მითოლოგიური მსოფლმხედველობისგან. გადავიდეთ ისევ პერსონაჟებზე. საინტერესოდ არის დახასიათებული გუნთერ მეფე, რომელსაც ავტორი სუსტ პერსონაჟად გვიხატავს. თითქოს თავიდან გვევლინება, როგორც ძლიერი მეფე, თუმცა ის რაინდისთვის შეუფერებელ ქმედებას ჩაიდენს, როდესაც მის მაგივრად ზიგფრიდი შეებრძოლება ბრუნჰილდეს. უძლურია მაშინაც, როცა ბრუნჰილდე კედელზე ქამრით შეკრულს ჩამოკიდებს. რაინდისთვის დამახასიათებელ ქცევებს კი ამჟღავნებს მხოლოდ ეტცელ მეფის სამეფოში. პოემაში საინტერესოდ არის ასახული ვასალური ურთიერთობები. დიდგვაროვნების და მათი მოსამსახურე ქალების სახეები. ავტორი დაწვრილებით აღწერს მათ სიმდიდრეს, ტანისამოსს, ძვირფასეულობას, აბჯარს, ცხენებს, მორთულ დარბაზებს და ა.შ.
"რაოდენი საკვირველი იქ სარტყელი ჩანდა გრძელი,
უფაქიზეს სამოსელზე შერხეული ქალთა ხელით,
არაბეთის აბრეშუმით და ფერანით მონაქსოვი!
არვინ იყო ქვეყანაზე უკეთესთა მათთა მპოვი."
ასევე აღსანიშნავია ჰაგენ ტრონიელის ბედისადმი მორჩილება. მან იცის ჰუნთა სამეფოში რაც ელოდება, თუმცა მაინც არ ამბობს უარს იქ წასვლაზე. სიმამაცეს ამჟღავნებს და თან როგორც ჩანს სჯერა ბედისწერის. პოემის კითხვის დროს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში გამახსენდა "ვეფხისტყაოსანი". მართლაც დამაინტერესა რამდენად იყო შესაძლებელი ამ ორი პოემის საერთო საფუძვლის პოვნა ან უბრალოდ მათი მხატვრული შედარება. მკითხველი იგრძნობს, რომ გაცილებით მარტივი ენით არის დაწერილი "სიმღერა ნიბელუნგებზე". ასევე საინტერესოა სიუჟეტების ისტორიულ ჭრილში განხილვა. პოემის სიუჟეტი თუ რა ისტორიულ პერიოდს უკავშირდება. შეგვიძლია გავავლოთ პარალელები გმირთა სახეებს შორის. ერთ მხარეს ავთანდილი-თინათინი და ტარიელი- ნესტან-დარეჯანი, ხოლო, მეორე მხარეს ზიგფრიდი-კრიმჰილდე, გუნთერი-ბრუნჰილდე. ორივე პოემაში ეთმობა ყურადღება ქორწილის სიუჟეტს. "ვეფხისტყაოსნისგან" განსხვავებით " ნიბელუნგების ამბავი სრულდება დიდი სისხლისღვრით და ტრაგედიით. ერთგულება ერთ-ერთი მთავარი თემაა პოემაში. კრიმჰილდე გადაწყვეტს მოკლული ქმრის გამო შური იძიოს. ზიგფრიდის მიმართ მისი ერთგულება გახდება საბოლოოდ მიზეზი დიდი დაპირისპირების. ასევე ჰაგენიც ბრუნჰილდესადმი თავისი ფიცის ერთგულია. მოკლედ დაუსრულებლად შეიძლება ამ პოემებზე საუბარი და პარალელების გავლება ამა თუ იმ ნაწარმოებთან, ისტორიულ მოვლენებთან და ა.შ. ვრცელი სიუჟეტი იძლევა უამრავი ინტერპრეტაციის საშუალებას და სწორედ ამიტომ არის ის საინტერესო.
Comments
Post a Comment