Caspar David Friedrich/კასპარ დავიდ ფრიდრიხი - Giorgi Bolkvadze

 კასპარ დავიდ ფრიდრიხი ( დ. 5 სექტემბერი, 1774წ. გრაიფსვალდი/Greifswald; გ. 7 მაისი, 1840წ. დრეზდენი/Dresden) იყო გერმანელი მხატვარი და გრაფიკოსი. ის ითვლება ადრეული გერმანული რომანტიზმის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წარმომადგენლად. დავიდ ფრიდრიხმა ფერწერაში სრულიად ახალი სტრუქტურული ელემენტები შემოიტანა, რაც შემდგომ არაერთი ცნობილი მხატვრის შთაგონების წყარო გახდა. ის ყველაზე მეტად ცნობილია თავისი ალეგორიული პეიზაჟებით, რომლებიც როგორც წესი გამოსახულია ღამის ცის, დილის ნისლის, უნაყოფო ხეების ან გოთური ნანგრევების ფონზე ჩაფიქრებული ქმნილებებით...  მისთვის ასევე დამახასიათებელი იყო პეიზაჟების ხატვა ჰორიზონტის ხაზის გარეშე, რაც  დაკვირვებისას ერთგვარი უსასრულობის განცდას ქმნის... ( მართალია ასეთი რამ მხოლოდ ზოგიერთ ნამუშევარში გვხვდება, თუმცა ძალიან საინტერესოა). კასპარ დავიდის მიერ შექმნილი პეიზაჟები დამთვალიერებელზე საოცარ შთაბეჭდილებებს ახდენს. მხატვარს ბუნების აღქმის საოცარი უნარი გააჩნია. მისი უპირველესი ინტერესიც სწორედ ბუნების ჭვრეტაა და ხშირად თავისი სიმბოლური და ანტიკლასიკური ნამუშევრებით ცდილობს ბუნებრივ სამყაროზე სუბიექტური და ემოციური გრძნობის გადმოცემას. ფრიდრიხის ნახატები ახასიათებს ადამიანის ყოფას შემცირებულ პერსპექტივაში ფართო პეიზაჟების ფონზე. 

   კასპარ დავიდ ფრიდრიხი დაიბადა ბალტიის ზღვასთან მდებარე ერთ-ერთ საპორტო ქალაქ გრაიფსვალდში/Greifswald. ის ათი შვილიდან მეექსვე იყო. შვიდი წლის ასაკში  დედამისი სოფი გარდაიცვალა. გაიზარდა მამის, ადოლფ გოტლიბ ფრიდრიხის მკაცრი ლუთერანული სარწმუნოების მიხედვით. ოჯახის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ფაქტები ურთიერთგამომრიცხავია. ზოგი მიუთითებს, რომ საკმაოდ შეძლებულად  ცხოვრობდნენ და ბავშვებს რეპეტიტორები ასწავლიდნენ, ზოგი კი პირიქით ამბობს, რომ საკმაოდ ღარიბი ოჯახი იყო. ფრიდრიხმა ხელოვნების შესწავლა დაიწყო, როგორც მხატვარ იოჰან გოტფრიდ კვისტორპის კერძო სტუდენტი გრაიფსვალდის უნივერსიტეტში, სადაც მოგვიანებით ხელოვნების განყოფილებას მხატვრის საპატივცემულოდ კასპარ დავიდ ფრიდრიხის ინსტიტუტი ეწოდა. კვისტორპმა დავიდს გააცნო მე-17 საუკუნის გერმანელი ხელოვანის ადამ ელშაიმერის შემოქმედება, რომლის ნამუშევრები ხშირად მოიცავდა რელიგიურ თემებს, სადაც ასევე დომინირებს ლანდშაფტი და ღამის საგნები. ამ პერიოდში დავიდი სწავლობდა ლიტერატურას და ესთეტიკას. ოთხი წლის შემდეგ  ჩაირიცხა კოპენჰაგენის პრესტიჟულ აკადემიაში, სადაც მუშაობა დაიწყო ანტიკვარული ქანდაკებების ასლებით, სანამ რეალური ცხოვრებიდან შეუდგებოდა ხატვას. კოპენჰაგენში სწავლობდა 1798 წლამდე, მოგვიანებით კი  დრეზდენში დასახლდა. ფრიდრიხის ნამუშევრებმა მას პოპულარობა მოუტანა კარიერის დასაწყისშივე და თანამედროვეები, როგორიც იყო მაგალითად ფრანგი მოქანდაკე დევიდ დ'ანჟე, საუბრობდნენ მასზე, როგორც ადამიანზე, რომელმაც აღმოაჩინა "პეიზაჟის ტრაგედია". აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გერმანია მე-19 საუკუნის ბოლოს უკვე მოდერნიზაციისკენ მიიწევდა და მის ხელოვნებას ახასიათებდა "ახალი აუცილებლობის მნიშვნელობა", შესაბამისად ფრიდრიხის მიერ შექმნილი გამოსახულებები უძრაობის შესახებ განიხილებოდა, როგორც წარსული ეპოქის პროდუქტი. მხოლოდ მე-20 საუკუნის დასაწყისში განახლდა მისი ნამუშევრების შეფასება, რაც 1906 წელს დაიწყო ბერლინში ერთ-ერთ გამოფენაზე ფრიდრიხის ოცდათორმეტი ნახატის გამოფენით. დაახლოებით 1920-იან წლებში მისი ნახატები აღმოაჩინეს ექსპრესიონისტებმა, ხოლო, მოგვიანებით 30-40 იან წლებში სიურრეალისტები და ეგზისტენციალისტები ხშირად იღებდნენ იდეებს ამ ნამუშევრებიდან. დავიდ ფრიდრიხის ბიოგრაფია საკმაოდ ვრცელია და დიდ დროს წაიღებს ყველაფრის დაწერა, ამიტომ შევამოკლე. ახლა შეგვიძლია უშუალოდ მისი ნამუშევრები მიმოვიხილოთ.  

     კასპარ დავიდ ფრიდრიხი ჩემი საყვარელი მხატვარია. მისი ნამუშევრების ყურება მართლაც დიდი სიამოვნებაა. გერმანელი რომანტიკოსი მხატვრის შემოქმედებამ ძალიან დამაინტერესა, ეს ალბათ იმითიც იყო განპირობებული, რომ ზოგადად რომანტიზმის და რომანტიკოსების მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან გამიჩნდა, როდესაც გავეცანი ქართველი რომანტიკოსი პოეტების ნამუშევრებს. ჩემი აზრით რომანტიზმი ძალიან საინტერესოდ ვლინდება ლიტერატურაში, მხატვრობაში და ზოგადად ხელოვნების ყველა მიმართულებაში. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნამუშევარია "Der Wanderer über dem Nebelmeer" / "მოგზაური ღრუბლების ზღვაზე", რომელიც ყველასთვის კარგად არის ცნობილი.

                                     
                                                    Der Wanderer über dem Nebelmeer
 

ნახატი დაახლოებით 1818 წელს არის შექმნილი. იგი მიჩნეულია რომანტიზმის ერთ-ერთ შედევრად და მის ერთ-ერთ ყველაზე დამახასიათებელ ნამუშევრად. წინა პლანზე კაცი დგას კლდეზე, მნახველისკენ ზურგით. მას მუქი მწვანე პალტო აცვია და მარჯვენა ხელში ჯოხი უჭირავს. თმა ქარში აქვს მოქცეული და ნისლის ღრმა ზღვაში დაფარულ პეიზაჟს უყურებს. შუა ადგილას კი ვხედავთ ნისლის მასიდან გამოსულ რამდენიმე კლდეს, თუმცა ალბათ არა იმ კლდისგან, რომელზეც თავად დგას. შორს მარცხნივ ამოდიან გაცვეთილი მთები, რომლებიც მშვიდად იშლებიან მარჯვნივ, დაბლობებში. აქაურობის მიღმა, გაჟღენთილი ნისლი უსასრულოდ იწელება, საბოლოოდ ჰორიზონტს ერევა და ღრუბლებით სავსე ცისგან გაურჩეველი ხდება. ფიგურა მაყურებლისკენ ზურგით (Die Rückenfigur) ეს არის სრულიად ახალი სტრუქტურა, რომელიც სწორედ ფრიდრიხმა დაადგინა ლანდშაფტის მხატვრობისთვის და რომელიც განიცდის უჩვეულო პოზიციონირებას "მოგზაურში" ნისლისების ზღვაზე. ფიგურა ზურგიდან, მაყურებლის ყურადღებას მიმართავს ფონის ერთი შეხედვით უსასრულო მანძილისკენ და ასახავს ბუნებასა და ადამიანებს შორის ურთიერთობას. ნახატს თუ დააკვირდებით დაინახავთ, რომ  საკმაოდ რთულია საღვრების დადგენა. მოგზაურს აქვს ე.წ "ზედაპირის ფიგურის" ფუნქცია, რომელიც ინტეგრირებულია ლანდშაფტში და ხელს უწყობს საზღვრების აღმოფხვრას.  აქამდე არავინ მოათავსებდა ამხელა ფიგურას უკნიდან პეიზაჟში და ზუსტად კომპოზიციის ცენტრში. ამ მხრივ კასპარ დავიდი  პეიზაჟის მხატვრობაში გვევლინება, როგორც ნოვატორი. ამგვარი სტურქტურით მას აერაერთი ნამუშევარი შეუქმნია. როგორც ზემოთ ავღვნიშნე, ეს ნახატი მჭიდრო კავშირშია რომანტიზმთან, ფართო მხატვრულ და ლიტერატურულ მოძრაობასთან, რომელიც განმანათლებლობის ხანის შემდეგ გაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ვინაობა გაურკვეველია, ბევრი ვარაუდობს, რომ ეს სწორედ მხატვრის ავტოპორტრეტია, რაზეც მიუთითებს გარეგნობის მსგავსება, როგორიცაა მაგალითად წითელი თმა და ამის გამო ნახატი ფართოდ იქნა განმარტებული, როგორც თვითრეფლექსიის ანუ ცხოვრების ჭვრეტის გზის სიმბოლო. 

 
Frau am Fenster / ქალი ფანჯარასთან  
 
"ქალი ფანჯარასთან" კასპარ დავიდ ფრიდრიხის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ნამუშევარია. ნახატი შეიქმნა 1822 წელს.  აქაც ვხედავთ ფიგურას ზურგიდან, რომელიც ღია ფანჯარაში იხედება, საიდანაც მოჩანს გემების ანძები და გადაჰყურებს მდინარე ელბას დრეზდენში. თავად ეს ქალი არის ფრიდრიხის ცოლი კაროლინა. ამ ნახატშიც გამოყენებულია Rückenfigur -  ს მოტივი, ანუ ზურგიდან დანახული ფიგურა, რომელიც ასოცირდება დავიდ ფრიდრიხთან, რომელიც, თავის მხრივ, ცნობილი იყო ამგვარი კომპოზიციური სტრუქტურის გამოყენებით თავის ნამუშევრებში. ამ ნახატში მაყურებელი მიწვეულია ინტერიერის მიღმა, გარე სამყაროში გასახედად, როგორც ამას ქალი აკეთებს, რომელიც განიცდის ძლიერ ნატვრას. ფრიდრიხმა დრეზდენში გაიცნო კაროლინა ბომერი, რომელზეც 1818 წელს დაქორწინდა. ქორწინებიდან ოთხი წლის შემდეგ კი ხატავს ცოლს დრეზდენის ბინაში, რომელიც მდინარე ელბას გადაჰყურებს. ნახატის კომპოზიცია საკმაოდ საინტერესოა, ვერტიკალური და ჰორიზონტალური სიბრტყეები ქმნიან სიმეტრიულ ინტერიერს. იატაკის, დარაბების და ფანჯრის რაფის მიერ შექმნილი გეომეტრიული ხაზები განსაზღვრავენ ნაწილის სიმეტრიულ ხასიათს, რომელიც ემთხვევა ფანჯრის გარეთ არსებულ ხედს. საყოფაცხოვრებო სივრცის სიმარტივეს მაყურებლის მზერა ფანჯრის მიღმა ხედისკენ მიჰყავს, ელბაზე მოცურავე გემების ანძებამდე და შორეულ სიმწვანემდე. მოკლედ ამ ნახატზე ძალიან ბევრი საუბარი შეიძლება. დავიდმა გამოიყენა მისთვის დამახასიათებელი ორიგინალური სტრუქტურა და უმაღლესი ტექნიკით შეასრულა ეს ნამუშევარი. ასევე უნდა ავღნიშნო, რომ კაროლინა, ფრიდრიხის კიდევ რამდენიმე ნამუშევარში ჩანს, როგორიცაა მაგალითად, "ცარცის კლდეები რუგენზე" და "იალქნიან ნავზე". ქორწინებამდე ფრიდრიხმა ცხოვრების გარკვეული მონაკვეთი აღწერა, როგორც "კრიზისი" თავისი მხატვრული სტილის. მან ყურადღება მიაქცია ზღვის პეიზაჟებს, რომელთაც აკლდათ სიკაშკაშე და ფორმალური მხარე. მოგვიანებით მოხდა გარდატეხა, რაც გამოწვეული იყო სოციალური ცვლილებებით, მათ შორის ქორწინებით, ყველაფერ ამან კი დიდი გავლენა იქონია ფრიდრიხის სტილზე. 
 

                                                                     
                                        Kreidefelsen auf Rügen / ცარცის კლდეები რუგენზე 
 
"ცარცის კლდეები რუგენზე" ფრიდრიხის კიდევ ერთი გამორჩეული ნახატია, რომელიც 1818 წელს შექმნა.  1818 წელს, როდესაც კასპარ დავიდ ფრიდრიხი და კაროლინა ბომერი დაქორწინდნენ, ივლისსა და აგვიოსტოში ეწვივნენ ნათესავებს ნოიბრანდენბურგსა და გრაიფსვალდში. იქიდან წყვილმა, ფრიდრიხის ძმასთან, კრისტიანთან ერთად მოაწყო ექსკურსია კუნძულ რუგენზე/Rügen. ნახატი, როგორც ჩანს ახალდაქორწინებულების კავშირს აღნიშნავს. ნამუშევარი ასახავს ხედს ცარცის კლდეებიდან, რომელიც იმ დროს კუნძულის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სათვალთვალო წერტილი იყო. მე ვარ ნამყოფი კუნძულ რუგენზე ცარცის კლდეებთან და ის მართლაც შესანიშნავი სანახავია. მართალია ეს კლდეები ისე აღარ გამოიყურება, როგორც ორი საუკუნის წინ იყო, ვინაიდან დროთა განმავლობაში ცარცი იფშვნებოდა, თუმცა მაინც საკმაოდ ლამაზია და ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს. ორი ხე, რომელთა ფოთლებიც ფარავს ნახატის ზედა ნაწილს, ქმნის პეიზაჟს. ქალაქურად გამოწყობილი ორი მამაკაცი და ქალი გაკვირვებულები უყურებენ ხედს. შუაში გამხდარი ფიგურა ჩვეულებრივ ინტერპრეტირდება, როგორც თავად კასპარ დავიდ ფრიდრიხი. მხატვარი აქ უფრო მეტად იყენებს სივრცით უწყვეტობას, ვიდრე მის სხვა კომპოზიციებში. იგი დამთვალიერებელს სთავაზობს სივრცულ და ზედაპირულ კონსტრუქციას, რომელიც უნიკალურია თავისი რადიკალური ბუნებით. წინა სივრცითი ზონა იხსნება სურათზე, როგორც ერთგვარი ფანჯარა ზღვაზე, ტრადიციულად კლდეებითა და ხეებით შემოსაზღვრული, რომლის მეშვეობითაც სამი ადამიანი აღიქვამს "გარე სამყაროს". შემდეგ უხეში, ლანდისებრი თეთრი კლდეების მასა უდიდეს კონტრასტს ქმნის ერთი შეხედვით უსასრულო ზღვასთან. ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ ორივე გემი ერთი და იმავე ზომისაა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი გარკვეული მანძილით არიან დაშორებულნი ერთმანეთისგან. ეს ასახავს ვერტიკალურ დაჭიმულობას სიახლოვესა და მანძილს შორის. კომპოზიციის შექმნისას ფრიდრიხი იყენებს სრულიად ახალ და უნიკალურ კონსტრუქციებს, რომელთა მეშვეობითაც მისი ნამუშევრები მართლაც გამორჩეულია.  
  
                                                                           
                                    Kreidefelsen auf Rügen / berichtet Marion Schmidt
 
                                                     
                                          Königsstuhl auf Rügen / Foto: Matthias Roos 
 

                                                                 
                                                            #OZ; Foto von Klaus Haase 
 
                                           
                                    Caspar David Friedrich / Auf dem Segelboot - იალქნიან ნავზე
                  
                                                                  
                        Caspar David Friedrich / Der Mönch am Meer - ბერი ზღვასთან
  
                                                                           
                                         Caspar David Friedrich / Der Morgen - დილა 

                                                                                    
                                                                             
                        Caspar David Friedrich / Böhmische Landschaft - ბოჰემური ლანდშაფტი
   
                                                                      
                                                                           
                          Caspar David Friedrich / Das Eismeer - ყინულის ზღვა 


                                                                         
                                 Caspar David Friedrich / Verschneite Hütte - დათოვლილი ქოხი 
     
 
                                                                           
                                      Caspar David Friedrich / Der Mittag - შუადღე 
  
 
                                                                             
                                 Caspar David Friedrich / Die Lebensstufen - ცხოვრების ეტაპები
  
 
                                                                             
                 Caspar David Friedrich / Schiffe im Hafen am Abend - გემები საღამოს ნავსადგურში

                                                                          
                          Caspar David Friedrich / Greifswalder Hafen - გრაიფსვალიდს ნავსადგური 
  
 
                                                                             

       


               

Comments

Popular posts from this blog

ბერტოლტ ბრეჰტი "კავკასიური ცარცის წრე"/ Der Kaukasische Kreidekreis von Bertolt Brecht - Giorgi Bolkvadze

ქართული რომანტიზმის საფუძვლები - Giorgi Bolkvadze