Karl Wilhelm Friedrich Schlegel/ კარლ ვილჰელმ ფრიდრიხ შლეგელი - Giorgi Bolkvadze
კარლ ვილჰელმ ფრიდრიხ შლეგელი (დ. 10 მარტი, 1772წ. ჰანოვერი - გ. 12 იანვარი, 1829წ. დრეზდენი) იყო გერმანელი პოეტი, ლიტერატურის კრიტიკოსი, ფილოსოფოსი და ფილოლოგი. დაიბადა ჰანოვერში, პროტესტანტულ ოჯახში. მამამისი, იოჰან ადოლფ შლეგელი გახლდათ პასტორი. თავის უფროს ძმასთან, ავგუსტ ვილჰელმ შლეგელთან ერთად იყო გერმანული რომანტიზმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა. ახალგაზრდობაში მან უარყო ქრისტიანობა და უფრო ათეიზმისა და ინდივიდუალიზმისკენ იხრებოდა. უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო იურიდიულ ფაკულტეტზე, თუმცა ყოველთვის გაცილებით მეტ დროს უთმობდა კლასიკურ ლიტერატურას. მას ძალიან უყვარდა კითხვა. დაინტერესებული იყო ელინური კულტურით, პოეზიით, ბერძნული დრამით და კომედიებით. ეცნობოდა ბერძენი მწერლების შემოქმედებას, განსაკუთრებით არისტოფანეს. გატაცებული იყო რომაული ცივილიზაციით და ისტორიის ფილოსოფიით. თანამედროვე გერმანული ლიტერატურიდან გამოარჩევდა "ვაიმარის კლასიკოსებს" , ფრანგულიდან კი - ჟან-ჟაკ რუსოს. შლეგელი აკრიტიკებდა გერმანულ იდეალიზმს. მისი კარიერა საკმაოდ საინტერესოდ აეწყო. თავდაპირველად, მოღვაწეობდა, როგორც მწერალი და ლექტორი, მოგვიანებით კი თავის ძმასთან ერთად გერმანიის ქალაქ იენაში (Jena) გამოსცემდა ჟურნალს, სახელწოდებით- "ათენუმი"(Athenaeum). შლეგელმა 1808 წელს მიიღო კათოლიციზმი, რამაც ოჯახთან და ძველ მეგობრებთან განშორება გამოიწვია. 1809 წელს მიდის ავსტრიაში, სადაც ეწევა დიპლომატიურ და ჟურნალისტურ საქმიანობას. ის მუშაობს ავსტრიის იმპერიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, კლემენს ფონ მეტერნიხთან. ფრიდრიხი გერმანული რომანტიკული მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო და ის განიცდიდა ისეთი მწერლების გავლენას, როგორებიც იყვნენ - ადამ მიცკევიჩი, სამუელ ტეილორ კოლრიჯი და კაზიმირზ ბროძინსკი. ფრიდრიხმა პირველმა შეამჩნია ის, რაც შემდგომ "გრიმის კანონი" - ს სახელით გახდა ცნობილი. (Grim's Law - ცნობილია ასევე, როგორც - "პირველი გერმანული ბგერის გადანაცვლება". ეს არის ხმოვან/მჟღერ კანონთა ერთობლიობა, რომელშიც აღწერილია პროტო-ინდოევროპული თანხმოვანი ბგერები , რომლებიც განვითარდნენ პროტო-გერმანულ ენაზე ძვ.წ. პირველ ათასწლეულში). ამ საკითხზე აქტიურად მუშაობდნენ გერმანელი ფილოლოგი და ფოლკლორისტი - იაკობ გრიმი და დანიელი ლინგვისტი რასმუს რასკი. "გრიმის კანონი" იყო ბგერის სისტემატური შეცვლის პირველი აღმოჩენა, რამაც გამოიწვია ისტორიული ენათმეცნიერების ცალკეული დისციპლინის, ისტორიული ფონოლოგიის შექმნა. ლათინურ p - სა და გერმანულ f - ს შორის კავშირი პირველმა ფრიდრიხ შლეგელმა შენიშნა 1806 წელს. 1818 წელს რასმუს რასკმა გაავრცელა ეს კავშირი სხვა ინდოევროპულ ენებზე(სანსკრიტი, ბერძნული) და ასევე თანხმოვანთა მთელ სპექტრზე. 1822 წელს იაკობ გრიმმა ეს წესი გამოაქვეყნა თავის წიგნში- "Deutsche Grammatik" და გააფართოვა სტანდარტული გერმანულით. მან შენიშნა, რომ არსებობდა ბევრი სიტყვა, რომელთაც განსხვავებული თანხმოვნები ჰქონდათ იმისგან, რასაც მისი კანონი ამტკიცებდა და ეს გამონაკლისები რამდენიმე ათწლეულების განმავლობაში ენათმეცნიერთათვის წინააღმდეგობას წარმოადგენდა, თუმცა მათ საბოლოოდ მიიღეს განმარტება დანიელი ლინგვისტის კარლ ვერნერისგან "ვერნერის კანონის" (Verner's Law) სახით.
ფრიდრიხ შლეგელმა სწავლა იურიდიულ ფაკულტეტზე დაიწყო. 1790 წელს გოტინგენის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. ორი წლის განმავლობაში სწავლობდა იურისპურდენიცას გოტინგენსა(Göttingen) და ლაიფციგში(Leipzig). ის შეხვდა გერმანული კლასიკური ლიტერატურის უდიდეს წარმომადგენელს - ფრიდრიხ შილერს. 1793 წლიდან მან საკუთარი თავი სრულად მიუძღვნა ლიტერატურულ საქმიანობას. 1796 წელს საცხოვრებლად ქალაქ იენაში გადავიდა, სადაც მისი ძმა ავგუსტ შლეგელი ცხოვრობდა და თანამშრომლობდა ისეთ გამოჩენილ გერმანელ მწერლებთან და მოაზროვნეებთან, როგორებიც იყვნენ ფრიდრიხ ფონ ჰანდერბერგი (ნოვალისი), ფიხტე და კაროლინა შელინგი, რომელიც ავგუსტზე დაქორწინდა. იენაში ყოფნის დროს მან ასევე გაიცნო გოეთე. ამ პერიოდში ფრიდრიხს სულ უფრო მეტად აინტერესებს ფილოსოფია (კანტი, სპინოზა). მასზე ძლიერი გავლენა იქონია იოჰან ფიხტეს ფილოსოფიამ, რომელთანაც შემდეგ დამეგობრდა. ნოვალისსა და შლეგელს ცნობილი საუბრები ჰქონდათ გერმანულ იდეალიზმზე. 1797 წლისთვის უკვე ტერმინმა რომანტიზმმა შლეგელისთვის მრავალგვარი სახე მიიღო. წერილში, რომელიც თავის ძმას, ავგუსტ ვილჰელმს გაუგზავნა, წერს: " მე არ შემიძლია გამოგიგზავნო განმარტება სიტყვა რომანტიზმის შესახებ , რადგან ის 125 ფურცლისგან შედგება". პოეტიკის წესებმა და სივრცის, დროის და მოქმედების სამი, არისტოტელური ერთიანობის მოთხოვნამ დაკარგა თავისი მნიშვნელობა და რომანი უფრო მეტად გახდა ავტორის სუბიექტური სათამაშო მოედანი. შლეგელის აზრით, მიზანი იყო ფილოსოფიის, პროზის, პოეზიის, გენიალურობისა და კრიტიკის დამაკავშირებელი ფორმით წარმოდგენა. შლეგელი ხაზს უსვამდა პოეზიის პროცესს და გულისხმობდა, რომ პოეზიის დაუსრულებელი მდგომარეობა მიჰყვებოდა პოეტის თვითნებობასა და თავისუფლებას. აღსანიშნავია, რომ კლასიკური და რომანტიკული ხელოვნების ქმნილებებს შორის ზღვარის გავლება ერთ-ერთმა პირველმა გოეთემ სცადა, რომელიც განმარტავს "კლასიკურ" და "რომანტიკულ" ნაწარმოებებს. ასევე რომანტიკული თვალსაზრისის ჩამოყალიბებისთვის და შემდგომი განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ფრიდრიხ შილერის ცნობილ წერილს "გულუბრყვილო და სენტიმენტალური პოეზიის შესახებ", სადაც საინტერესოდ ახასიათებს პოეტებს. სწორედ შილერის მოძღვრებას უვლიან გვერდს ძმები შლეგელები და თავიანთ უშუალო წინამორბედებად ფიხტესა და გოეთეს ასახელებენ. ფრიდრიხი მიიჩნევს, რომ ახალ ტენდენციათა ძირითადი განმსაზღვრელია საფრანგეთის რევოლუცია, ფიხტეს მეცნიერების თეორია და გოეთეს "ვილჰელმ მაისტერი". ავგუსტ შლეგელის აზრით ხელოვნება, რომელიც უპირისპირდება ანტიკურს ანუ კლასიკურს, ეწოდება რომანტიკული. ანტიკური ხელოვნება თავისი ხასიათით პლასტიკურია, ხოლო, თანამედროვე, ანუ რომანტიკული - ფერწერული. ფრიდრიხი მხოლოდ სიტყვებს ცვლის და ანტიკურს უწოდებს - "ბერძნულს", ხოლო, რომანტიკულს - "საინტერესოს". საინტერესო იყო ფიხტეს ფილოსოფიაში დასმული თავისუფლების საკითხი, რომელიც, როგორც ჩანს, მომხიბვლელი აღმოჩნდა გერმანელი რომანტიკოსებისთვის. ფიხტეს თავისუფლების კონცეფცია გულისხმობდა საზღვრის წაშლას ხელოვნებასა და ფილოსოფიას შორის, რაც თავისთავად გულისხმობდა ხელოვანის "უნივერსალურობას". მოგვიანებით დაპირისპირების გამო ფრიდრიხ შლეგელმა გადაწყვიტა ბერლინში წასულიყო. 1797 წელს ის ცნობილ გერმანელ ფილოსოფოსს და თეოლოგს, ფრიდრიხ შლაიერმახერს შეხვდა. ისინი ერთად ცხოვრობდნენ პატარა ბინაში. ფრიდრიხმა წაიკითხა ფიხტეს მეცნიერების თეორია და მეცნიერების ყველა თეორიის საფუძველი, თარგმნა პლატონი და მწვავედ განიხილა ცხოვრების ხელოვნება. აქ გაიცნო ჰენრიეტა ჰერცი, რაჰელ ვარნჰაგენი და მომავალი მეუღლე, გერმანელი ნოველისტი და მთარგმნელი - დოროთეა ვეითი(Dorothea Veit). შლეგელმა გამოაქვეყნა "Die Griechen und Römer" (ბერძნები და რომაელები), რომელსაც მოჰყვა "Geschichte der poesie der Griechen und Römer"(ბერძნებისა და რომაელების პოეზიის ისტორია) 1798წ. შემდეგ იგი მიუბრუნდა დანტეს, გოეთესა და შექსპირს ნაწარმოებებს. როგორც აღვნიშნე, თავის ძმასთან ერთად, ქალაქ იენაში დააარსა ჟურნალი "ათენუმი", რომელიც შეიცავდა ფრაგმენტებს და ესეებს, სადაც ზუსტად იყო ჩამოყალიბებული რომანკტიკული სკოლის პრინციპები. ისინი ახლა აღიარებულია, როგორც ადრეული პერიოდის რომანტიკოსების სუბიექტური იდეალიზმის ღრმა და ყველაზე მნიშვნელოვანი გამოხატულებები. შეიძლება ვთქვათ, რომ ამ "გაბრწყინებულმა რომანტიკულმა საზოგადოებამ" ქალაქი იენა რომანტიზმის ერთ-ერთ ძირითად ბირთვად აქცია. აღსანიშნავია, რომ ავტორებმა მრავალი "შეთანხმება" დაარღვიეს: მაგალითად მათ რომანებში შეურიეს ლექსები, ბალადები, პატარა ზღაპრები და ა.შ. ასევე ხშირად მოიხსენიებდნენ გოეთეს ნამუშევრებს. ეს,რა თქმა უნდა, შეესაბამება ფრიდრიხ შლეგელის კონცეფციას, "პროგრესული უნივერსალური პოეზია", რომელიც არამარტო აკავშირებს ერთმანეთთან ყველაზე მრავალფეროვან ჟანრებსა და ცოდნის სფეროებს, არამედ საკუთარ თავზე ფიქრობს და შეიცავს საკუთარ კრიტიკას. მწერლების ეს საოცარი ჯგუფი საღამოობით განიხილავდნენ ლიტერატურას, ხელოვნების თეორიასა და ფილოსოფიას, დღის განმავლობაში კი მუშაობდნენ თავიანთ ტექსტებზე: ფრიდრიხი -"ლუსინდის" შესახებ, ავგუსტ ვილჰელმი და კაროლინი - შექსპირის თარგმანებზე. 1799 წელს ფრიდრიხმა გამოაქვეყნა ექსცენტრული და დუმთავრებელი რომანი "ლუსინდე"(Lucinide), რაც აღსანიშნავია, როგორც მცდელობა პრაქტიკულ ეთიკაში გადავიდეს რომანტიკული მოთხოვნა სრული ინდივიდუალური თავისუფლების შესახებ. "ლუსინდემ", რომელშიც ფრიდრიხმა ხოტბა შეასხა ხორციელი და სულიერი სიყვარულის კავშირს, როგორც ღვთიური კოსმიური ეროსის ალეგორიას, გამოიწვია დიდი სკანდალი მისი ავტობიოგრაფიული ხასიათით, რაც ასახავდა არაკანონიერ დროებით ცოლქმრულ ურთიერთობას დოროთეასთან და ამან ხელი შეუწყო ფრიდრიხის აკადემიური კარიერის წარუმატებლობას იენაში, სადაც მან 1801 წელს დაასრულა სწავლა და შემდეგ ლექციებს კითხულობდა ტრანსცენდენტულ ფილოსოფიაზე. 1802 წელს იგი ჩავიდა პარიზში, სადაც ცხოვრობდა ბარონ დოლბახის საკუთრებაში არსებულ სახლში. აქ შეუერთდა გერმანელი მხატვრის, ჰენრიხ კრისტოფ კოლბეს წრეს. ის კერძო ლექციებს კითხულობდა ფილოსოფიის შესახებ. მოგვიანებით განაგრძო სანსკრიტისა და სპარსული ენების შესწავლა. ასევე აინტერესებდა ენათმეცნიერება, რადგან სურდა გაეგო თუ რომელი ენები იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებულნი. რედაქტორობდა ჟურნალ Europa - ს (1803წ), სადაც გამოაქვეყნა ესეები გოთური არქიტექტურისა და ძველი ოსტატების შესახებ. 1804 წლის 6 აპრილს პარიზში, შვედეთის საელჩოში დაქორწინდნენ ფრიდრიხ შლეგელი და დოროთეა ვეითი(ამ დროს დოროთეა უკვე პროტესტანტი იყო). ცოტა ხნის შემდეგ გაემგზავრა კიოლნში(შუა საუკუნეების ხელოვნების საგანძურის გამო), სადაც ლექციებს კითხულობდა კილონის ძველი უნივერსიტეტის შემდგომდროინდელ შენობაში. შლეგელმა შეაქო გოთური სტილის ხუროთმოძღვრება. 1808 წელს გამოაქვეყნა წიგნი, "ინდოეთის ენისა და სიბრძნის შესახებ" , ეს იყო მისი პარიზული კვლევების ნაყოფი, სადაც მან წარმოადგინა თავისი რომანტიკული იდეები ენის, რელიგიისა და კულტურის შესახებ. სწორედ შლეგელმა შემოიტანა პირველად ტერმინი - შედარებითი ლინგვისტიკა. მან სანსკრიტი შეადარა ლათინურ, ბერძნულ, სპარსულ და გერმანულ ენებს და მრავალი მსგავსება აღმოაჩინა ლექსიკასა და გრამატიკაში. ამ პერიოდიდან ის უფრო და უფრო ეწინააღმდეგებოდა პოლიტიკური და რელიგიური ლიბერალიზმის პრინციპებს. შემდეგ გაემგზავრა ვენაში და 1809 წელს დაინიშნა საიმპერატორო სასამართლოს მდივნად სამხედრო შტაბში. რედაქტორობდა არმიის გაზეთს და გამოსცემდა პროკლამაციებს ნაპოლეონის წინააღმდეგ. მეხუთე კოალიციის ომის დროს ფრიდრიხი თან ახლდა არმიას, რომელიც პესტში (უნგრეთი) იყო განლაგებული. აქ მან უნგრული ენა შეისწავლა. 1810 წელს წაიკითხა ლექცია თემაზე- "თანამედროვე ისტორია",ხოლო, 1812 წელს თემაზე - "ძველი და ახალი ლიტერატურის ისტორია". 1809 წელს გამოაქვეყნა თავისი პოეტური ნაწარმოებები, ლექციების ორი სერია "უახლესი ისტორიის შესახებ" - 1811 და "ძველი და ახალი ლიტერატურის ისტორია" - 1815. რომის პაპმა, პიუს VII - მ 1814 წელს, ფრიდრიხი "ქრისტეს უმაღლესი ორდენის რაინდად" აკურთხა. 1815 წლიდან 1818 წლამდე იყო ავსტრიის საელჩოს ოფიციალური წარმომადგენელი ფრანკფურტში. 1819 წელს ის და კლემენს ბერნტანო(მწერალი, გერმანული რომანტიზმის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი) გაემგზავრნენ რომში მეტერნიხთან შესახვედრად. ფრიდრიხმა აქ თავისი ცოლი და მისი შვილები ნახა. 1820 წელს მან დააარსა კონსერვატიული კათოლიკური ჟურნალი "Die Concordia", რომელმაც მხოლოდ სამი წლის განმავლობაში იარსება. მოგვიანებით გამოქვეყნდა შლეგელის ლექციებიც "ცხოვრების ფილოსოფია" - 1828 და "ისტორიის ფილოსოფია" - 1829. ფრიდრიხმა საფუძველი ჩაუყარა გერმანიაში სანსკრიტის შესწავლას. იგი მოულოდნელად გარდაიცვალა 1829 წლის 12 იანვარს დრეზდენში, ლექციების სერიის მომზადების დროს.
Comments
Post a Comment