Die Toteninsel / Arnold Böcklin - Giorgi Bolkvadze

 "მიცვალებულთა კუნძული" შვეიცარელი სიმბოლისტი მხატვრის, არნოლდ ბოკლინის (Arnold Böcklin) ყველაზე ცნობილი ნამუშევარია. 1880-1901 წლებში მან ნახატის რამდენიმე ვერსია შექმნა, რომლებიც დღეს წარმოდგენილია ბერლინის, ლაიფციგის, ბაზელის და ნიუ იორკის მუზეუმებში.  

    არნოლდ ბოკლინი (16 ოქტომბერი 1827წ. - 16 იანვარი 1901წ.) დაიბადა შვეიცარიის ქალაქ ბაზელში. მისი მშობლები იყვნენ კრისტიან ფრედერიკ ბოკლინი და ურსულა ლიპე. მამამისი აბრეშუმის მწარმოებელი იყო. არნოლდი იოჰან ვილჰელმ შირმერის ხელმძღვანელობით 1845-1847 წლებში სწავლობდა დუსელდორფის სამხატვრო აკადემიაში, სადაც ის ასევე დაუმეგობრდა ანსელმ ფოიერბახს. (იოჰან ვილჰელმ შირმერი (1807- 1863) იყო ცნობილი გერმანელი მხატვარი, რომელიც ასევე სწავლობდა დუსელდორფის ხელოვნების აკადემიაში. მოგვიანებით იგი მოექცა ლანდშაფტის მხატვრობის გავლენის ქვეშ და დაიწყო ისტორიული პეიზაჟების ხატვა. აკადემიაში იგი ჯერ გახდა ასისტენტ პროფესორი, ხოლო მოგვიანებით სრული პროფესორი. შირმერი დუსელდორფის სამხატვრო სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი იყო; ანსელმ ფოიერბახი ( 1829-1880) იყო მე -19 საუკუნის ერთ-ერთი გამოჩენილი გერმანელი მხატვარი). ბოკლინმა სწავლის პერიოდში ასევე იმოგზაურა ბელგიაში, სადაც მან გადაწერა ფლამანდიელი და ნიდერლანდელი ოსტატების ნამუშევრები. მოგვიანებით ის წავიდა პარიზში, სადაც მუშაობა დაიწყო ლუვრში და დახატა რამდენიმე პეიზაჟი. 1850 წელს არნოლდი გაემგზავრა რომში, სადაც მუშაობდა და ეცნობოდა ძველი ოსტატების ნამუშევრებს. რომის უამრავი ღირსშესანიშნაობა დიდი სტიმული იყო მხატვრისთვის. ამ ახალმა გავლენებმა მის კომპოზიციებში ალეგორიული და მითოლოგიური ფიგურები შემოიტანეს. ამის შემდეგ გარკვეული პერიოდი გაატარა მიეუნხენში. 1861 წელს მხატვარი კვლავ გაემგზავრა იტალიაში, თუმცა მცირე ხნით. ამის შემდეგ მალევე დაბრუნდა შვეიცარიაში. არნოლდმა თავის ნამუშევრებში მითოლოგიური არსებების სამყაროს საოცარი ილუსტრაცია მოახდინა. 

   არნოლდ ბოკლინის ბერვი ნახატი კლასიკური სამყაროს წარმოსახვითი ინტერპრეტაციაა, ან ასახავს მითოლოგიურ და ალეგორიულ საგნებს კლასიკურ სამყაროში. მხატვარი ხშირად ალეგორიულად იკვლევს სიკვდილს და სიკვდილიანობას უცნაური, ფატასტიკური სამყაროს კონტექსტში. ნახატის "Die Toteninsel/მიცვალებულთა კუნძული" ხუთი ვერსია არსებობს, რომელთაგანაც ყველაზე საინტერესო და ცნობილი, ჩემი აზრით, არის მესამე ვერსია, რომელიც 1883 წელს შეიქმნა. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ნახატის ყველა ვერსია ასახავს უკაცრიელ და კლდოვან კუნძულს, რომელიც ბნელი წყლის სივრცეში ჩანს. პატარა ნიჩბიანი ნავი მიიწევს კლდოვანი კუნძულისკენ. მენიჩბე მართავს ნავს, რომლის წინა ნაწილზეც დგას მთლიანად თეთრში შემოსილი ფიგურა. მის წინ ვხედავთ თეთრ, ყვავილებით ჩაწნულ ნივთს, რომელიც ინტერპრეტირდება, როგორც სასახლე. პატარა კუნძულზე მოჩანს მაღალი, მუქი კვიპაროსების ხშირი კორომი. (კორომი: ბაღში დეკორატიულად გაშენებული ხშირი ხეების ჯგუფი; ბაღი, რომელშიც არის ხეივნები, ყვავილნარები...). ყველაფერი ეს დიდი ხნის ტრადიციით დაკავშირებულია სასაფლაოსთან და გლოვასთან, რომელიც მჭიდროდ არის შემოსაზღვრული ციცაბო კლდეებით. დაკრძალვის თემას აძლიერებს, როგორც კუნძულზე შესასვლელი ადგილის სამარისებური და მგლოვიარე სახე, ასევე ნიშები, რომლებიც სამარხებივითაა კლდეში ჩაშენებული. თავად ბოკლინმა საჯაროდ არ გაამხილა ამ ნახატის მნიშვნელობა, თუმცა მან ის აღწერა, როგორც "სიზმრის სურათი". ასევე გამოითქვა საინტერესო მოსაზრებები მენიჩბესთან დაკავშირებით, რომ  შესაძლოა ის იყოს ჰადესის მებორნის, ქარონის (Charon/Kharon) ინტერპრეტაცია, რომელსაც ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ახლად გარდაცვლილთა სულები ნავით გადაჰყავდა ქვესკნელში. მდინარეს ეწოდებოდა აქერონი, ან, როგროც ზოგიერთი ცნობა იუწყება მდინარე  სტიქსი(Acheron/Styx), რომელიც ყოფდა ცოცხალთა და მკვდართა სამყაროს. ნახატზე არსებული მდინარე შესაძლოა იყოს აქერონი ან სტიქსი,ხოლო, თეთრად შემოსილი - ფიგურა ახლად გარდაცვლილი ადამიანის სული, რომელიც გადადის საიქიო ცხოვრებაში. არნოლდ ბოკლინის ეს ნახატი ითვლება სიმბოლიზმის ერთ-ერთ ყველაზე დამახასიათებელ და გამორჩეულ ნიმუშად. 

                        Die Toteninsel / Arnold Böcklin. Alte Nationalgalerie, Berlin 22.09.2023


                                                   Die Toteninsel / Arnold Böcklin

1888 წელს არნოლდმა შექმნა კიდევ ერთი ნახატი სახელწოდებით Die Lebensinsel/ ცხოვრების კუნძული. აქ ვხედავთ სიცოცხლის სურათს და მხიარულ ფერებს.  

Die Lebeninsel / Arnold Böcklin



Comments

Popular posts from this blog

ბერტოლტ ბრეჰტი "კავკასიური ცარცის წრე"/ Der Kaukasische Kreidekreis von Bertolt Brecht - Giorgi Bolkvadze

ქართული რომანტიზმის საფუძვლები - Giorgi Bolkvadze

Caspar David Friedrich/კასპარ დავიდ ფრიდრიხი - Giorgi Bolkvadze