Alte Nationalgalerie / Hamburger Kunsthalle

  2023 წლის შემოდგომაზე გერმანიაში ვიმოგზაურე და რამდენიმე ცნობილ მუზეუმს ვესტუმრე, Alte Nationalgalerie, Pergamon museum, Deutsches Technikmuseum Berlin და  Hamburger Kunsthalle. ჩემზე ყველა მათგანმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, თუმცა ახლა ვისაუბრებ Alte Nationalgalerie - ს და Hamburger Kunsthalle -ს შესახებ, რადგან სწორედ ამ მუზეუმებში ინახება ჩემი საყვარელი რომანტიკოსის, გერმანელი მხატვრის, კასპარ დავიდ ფრიდრიხის ნამუშევრები. 

  

Alte Nationalgalerie ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო გალერეაა. აქ ინახება ხელოვნების ნამდვილი შედევრები, როგორც ფერწერული ტილოები, ასევე სკულპტურები. კასპარ დავიდ ფრიდრიხის ნამუშევრების გარდა აქ ასევე წარმოდგენილია სხვა ცნობილი გერმანელი და არა გერმანელი მხატვრების ნამუშევრები, როგორებიც არიან ედუარდ გერთნერი / Eduard Gaertner,  არნოლდ ბოკლინი / Arnold Böcklin, მაქს ლიბერმანი / Max Liebermann, ადოლფ მენცელი / Adolph Menzel და სხვები. მე წინა ორ ბლოგში ვისაუბრე არნოლდ ბოკლინის და დავიდ ფრიდრიხის რამდენიმე  ნამუშევრის შესახებ, რა თქმა უნდა, ამ მხატვრებსა და ზოგადად, ამ მუზემუბში არსებული ფერწერული ტილოების, ხელოვნების ნიმუშების შესახებ უამრავი საუბარი შეიძლება და ძალიან ვრცელი რომ არ გამოვიდეს, ავარჩიე ორი ნამუშევარი, "ბერი ზღვასთან - Der Mönch am Meer" და "ყინულის ზღვას - Das Eismeer". ასევე თან დავურთავ სხვა ნახატებს. 

 

კასპარ დავიდ ფრიდრიხის ნამუშევარი "ბერი ზღვასთან - Der Mönch am Meer" შეიქმნა 1808-1810 წლებში. ის ასევე ცნობილია სახელწოდებით " მოხეტიალე ზღვის სანაპიროზე ". ლანდშაფტის რადიკალური ფერწერული ფორმით იგი მიჩნეულია " თანამედროვე ნახატის განსახიერებად" და "თანამედროვე ადამიანის საკურთხევლად ან სამსხვერპლოდ". 1810 წელს ბერლინის აკადემიის გამოფენაზე ის შეიძინა პრუსიის მეფემ, ფრიდრიხ ვილჰელ III - მ. ბევრი იმდროინდელი თანამედროვე კრიტიკოსი უარყოფითად გამოეხმაურა ნამუშევრას, რადგან მათი აზრით ნახატმა რადიკალურად დაარღვია ლანდშაფტის მხატვრობის ტრადიცია. ნახატზე ვხედავთ შიშველ, მოთეთრო დიუნის ( ქარის მიერ მოტანილი სილის ბორცვი ) ნაპირს, რომელიც ბლაგვი კუთხით მარცხნივ ამოდის ზღვის ქარიან შავ წყლებში, ნაპირის ბორცვები თითქოს ტალღებს უერთდება, წყლის ზედაპირის მუქი ელფერი ჰორიზონტის ხაზის ზემოთ ამოდის ფენებად დაყოფილ ღრუბლებში, ზევით ცა იწმინდება ღრმა სილურჯეში. შესაძლოა ღრუბლებს შორის მზის შუქი ჩანდეს. დღის კონკრეტული დროის გარჩევა შეუძლებელია. მამაკაცი, ბერის ჩვეულებით, ნაპირთან დგას და წყალს უყურებს. ირგვლივ რამდენიმე თოლია დაფრინავს. საინტერესოა ნახატის სტრუქტურაც. უდიდესი ნაწილი დაფარულია ცით, თუმცა ცა არ არის მთავარი ელემენტი. ოთხი ელემენტი, რომელთაც ვხედავთ, ბერი, ცა, ზღვა და სანაპირო თითქოს ერთმანეთთან ჰარმონიულად არიან დაკავშირებულნი, მიუხედავად იმისა, რომ ნამუშევარი შედგენილია ჰორიზონტალურ შრეში, სადაც ბერი ქმნის ერთადერთ ვერტიკალურ ელემენტს. ნახატის გეომეტრია ჩაფიქრებულია ბერის პოზიციიდან, რომელიც დგას მარცხნიდან ბლაგვი კუთხით აღამართული ნაპირის მწვერვალზე. წყალი შეგვიძლია მივიჩნიოთ, როგორც ნაპირის ერთგვარი ფორმა, რომელიც ცაში ირეკლება. უფორმო ბნელი სივრცე ბერის თავის სიმაღლეზეა, თითქოს ბინდი იშლება, როგორც ფიქრები მიედინება… მიწა-წყლის ზონა და ცის არარეალური კედელი თითქოს ჰორიზონტზე ეჯახება ერთმანეთს, ბერი ჩაფიქრებულია...

                                   Der Mönch am Meer / Alte Nationalgalerie 2023, September



მუზეუმი Hamburger Kunsthalle მდებარეობს ქალაქ ჰამბურგში და ისიც ასევე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გალერეაა. აქ ხელოვნების უამრავი შედევრი ინახება, რომელთაგანაც გამორჩეულია კასპარ დავიდ ფრიდრიხის ნამუშევრები. Hamburger Kunsthalle ს 2023 წლის შემოდგომაზე, კერძოდ, სექტემბერში ვესტუმრე. ამ დროისთვის კასპარ დავიდის ყველაზე ცნობილი ნახატი " Der Wanderer über dem Nebelmeer / მოგზაური ნისლების ზღვაზე" შვეიცარიაში, ერთ-ერთ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი, თუმცა ვნახე მხატვრის არანაკლებ ცნობილი ნამუშევრი "Das Eismeer / ყინულის ზღვა " და ახლა სწორედ ამ ნახატზე ვისაუბრებ. 
 
"Das Eismeer / ყინულის ზღვა" არის კასპარ დავიდ ფრიდრიხის მიერ 1823-1824 წლებში შექმნილი ნახატი. მასზე ჩანს არქტიკული ლანდშაფტი ყინულის გროვით, რომლის ქვეშ, მარჯვენა მხარეს ვხედავთ ყინულში ჩამარხულ გემს, რომლის მხოლოდ ნაწილი და გატეხილი ანძა ჩანს. "Das Eismeer / ყინულის ზღვა" არის ლანდშაფტის ფორმატის ნახატი, რომელიც შესაძლოა ითქვას, რომ აგებულია ორშრიან ფერწერულ სივრცეში. ერთი მხრივ, შუა მონაკვეთზე და წინა პლანზე მოუსვენარი ყინულოვანი პეიზაჟი, ხოლო, მეორე მხრივ, სიშორის, მანძილის ცივი სილურჯე, რომელშიც ზღვა ღრუბლიან ცას ერწყმის მკრთალ ჰორიზონტზე. ცენტრში არის უსწორმასწორო, უხეში ყინულის გროვა, რომლის ფირფიტები ერთმანეთს აწვება და ქმნის კლდის მსგავს მთას, რომელიც მიმართულია ზემოთ. როგორც ჩანს გემი ყინულის ნაწილს დიდი ძალით შეეჯახა და გადაბრუნდა. ყინულის ნაწილები გემის კორპუსზე სრიალებს და მხოლოდ გემის მხოლოდ უკანა ნაწილი და ანძა მოჩანს. ნახატის ფონს ქმნის ზღვა მასზე მცურავი აისბერგებით, რომლებიც ლურჯ სიღრმეში იკარგებიან. ასევე უკანა ფონზე ვხედავთ "ყინულის მთას", რომელიც თითქოს უფრო გამჭვირვალეა. ცივი ლურჯი ცა და მიმოფანტული ნისლი კედელივითაა აღმართული გაყინული სივრცის მიღმა და მხოლოდ ზედა ნაწილის შუაში იშლება ღრუბლების მსუბუქი მოძრაობით, რაც სიღრმის მინიშნებას იძლევა. ნახატის წინა პლანზე მხოლოდ ნგრევა ჩანს, თითქოს მიწა მარადიული ყინულის ქვეშაა ჩაფლული, ორგანული ბუნება აღარ არსებობს და სიცოცხლე დამსხვრეულია. მაღალი ყინულის ფილები შეასძლოა ჩანდეს, როგორც აკლდამები, ხოლო, გემი, როგორც ყინულის ქვეშ ჩაფლული. ასევე საინტერესოა ნახატის სტრუქტურაც. კასპარ დავიდი სრულიად ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს მხატვრობაში, რაც ასევე კარგად ჩანს სტრუქტურულ აგებულებაში. წინა პლანზე შუაში ყინულით შექმნილი მთის წვერი დიაგონალური მიმართულებით მაღლა დგას ჩაძირულ გემზე. თამის მხრივ ანძა და ყინულის ნაწილები ქმნიან საპირისპირო დიაგონალს. მაყურებლის მზერა მიმართულია მანძილისკენ და უსასრულო ჰორიზონტისკენ. დიაგონალები ქმნიან მოწესრიგებულ ფერწერულ სტრუქტურას. კარგად პროპორციული ხაზები აძლიერებს სცენის მსგავს სტრუქტურას და ამით ხელს უწყობს ნახატის აღქმას ქაოსსა და წესრიგს შორის. სურათზე, ცენტრალური ღერძის გასწვრივ ღრუბლებში შუქი გაფანტულად ჩანს და ის ანათებს მხოლოდ ყინულის მთავარ მასას, რომელიც მას უსასრულო ცისფერ სივრცესთან და მანძილთან ერთად აშორებს სიკაშკაშეს. ცისფერი სივრცე მართლაც საოცრად არის ასახული. 


კასპარ დავიდ ფრიდრიხმა უმაღლეს საფეხურზე აიყვანა ლანდშაფტის მხატვრობა. მის ნამუშევრებში შთამბეჭდავად არის ასახული ბუნება და მისი ყველა შემადგენელი ნაწილი,  ცა, ნისლი, ღრუბლები, კლდეები და ა.შ. მისი ნამუშევრები ძალიან პოპულარულია და სხვადასხვა ქვეყანაში ხშირად ეწყობა გამოფენები, სადაც მხატვრის ნახატებია წარმოდგენილი. კასპარ დავიდ ფრიდრიხის შემოქმედებას უდიდესი ადგილი უკავია მსოფლიო ხელოვნებაში.



                                     Das Eismeer / Hamburger Kunsthalle 2023, September


                                  Der Mönch am Meer / Alte Nationalgalerie 2023, September

Comments

Popular posts from this blog

ბერტოლტ ბრეჰტი "კავკასიური ცარცის წრე"/ Der Kaukasische Kreidekreis von Bertolt Brecht - Giorgi Bolkvadze

ქართული რომანტიზმის საფუძვლები - Giorgi Bolkvadze

Caspar David Friedrich/კასპარ დავიდ ფრიდრიხი - Giorgi Bolkvadze